3/13/2012

ბრძოლა ტყის პირობებში

“ არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება, არსებობს მხოლოდ სურვილი და შესაძლებლობები, უპირატესობა და ნაკლი”

ეიკე მიდელდორფი, გერმანელი სამხედრო ექსპერტი


1944 წლის აგვისტოს ბოლოს დამარცხებულმა გერმანულმა ნაწილებმა დასტოვეს საფრანგეთი და მოკავშირეები მიუახლოვდნენ გარმანიის საზღვრებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შობისთვის ომი დასრულდებოდა. თუმცა, მათ იმედებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც მიადგნენ გერმანელთა თავდაცვის ე.წ. “დასავლეთის კედელს” ( მოკავშირეების ტერმინით “ზიგფრიდის ხაზს”). აღნიშნული ზღუდის ცენტრი გადიოდა უღრან და თითქმის გაუვალ ჰიურტგენის ტყის მასივში. გერმანელთა თავდაცვას ხელმძღვანელობდა ფელდმარშალი ვალტერ მოდელი - ტაქტიკური თავდაცვის დიდოსტატი.
ჰიურტგენის ტყეში ბრძოლა იყო მე-2 მსოფლიო ომში წარმოებული ბრძოლებს შორის აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყველაზე მძიმე დამარცხება. სამი თვის სასტიკ ბრძოლებში ამერიკელებმა დაკარგეს 33000-მდე მებრძოლი, მაგრამ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს ვერც ტაქტიკურ და ვერც ოპერატიულ დონეზე.
ჰიურტგენის ტყის კამპანია “ძალების ეკონომიის” სომარი ხელოვნების პრინციპის რეალობაში გატარების ბრწყინვალე მაგალითია. დამცველებმა შეძლეს შეეჩერებინათ და შეეზღუდათ გაცილებით უკეთესად უზრუნველყოფილი და მხარდაჭერილი ჭარბი მოწინააღმდეგე სამი თვის განავლობაში, რითაც სამხრეთ ფლანგზე საშუალება მიეცა გერმანელთა სამ საველე არმიას ფარული თავმოყრისა და არდენების ცნობილი კონტრშეტევის წარმოებისთვის. აღნიშნული კონტრ შეტევა ასევე განხორციელდა ხშირი ტყის მასივებით დაფარულ მხარეში, საიდანაც მოწინააღმდეგე არანაირად არ ელოდა ამ რაოდენობის ჯარების ფარულად გადმოადგილებას და მით უმეტეს, ჯავშან-სატანკო ნაწილების ტყით გამოყვანას.
უფრო თანამედროვე და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მაგალითი:
1993 წელს აფხაზეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, სეპარატისტების ყურადღება გადატანილ იქნა კოდორის ხეობის სრულ კონტროლზე. აფხაზებმა ბაღათას გვირაბების დაკავების შემდეგ, გადაწყვიტეს წარმატების განვითარება. ამ პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად თბილისიდან გაგზავნილ იქნა მოხალისეთა ბატალიონი და რუსთავის სადაზვერვო ბატალიონის ასეული. მის ამოცანას წარმოადგენდა სადაზვერვო ჯგუფების მიერ ქართული მხარის კონტროლირებადი პერიმეტრის პატრულირება, აფხაზური სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გაზრდილი აქტიურობის აღკვეთა და დაცვის სიღრმეში შემოსვლის არდაშვება.
ამოცანის შესრულება წარმოებდა რთული მთა-ტყიანი გარემოს პირობებში, რასაც ასევე ართულებდა მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ერთნაირი ფორმისა და შეიარაღების არსებობა, ქართული დაცვის კერული ხასიათი და არასრულყოფილი ერთმანეთის იდენტიფიცირების სისტემა.
ერთ-ერთი პატრულირების დროს, ქართული სადაზვერვო 4 კაციანი ჯგუფმა დააფიქსირა უცნობი 8-10 კაცის შემადგენლობის რაზმის გადაადგილება. ვინაიდან ქართველებმა პირველებმა აღმოაჩინეს მოწინააღმდეგე, მიეცათ საშუალება წინასწარ დაეკავებინათ პოზიციები. უცხო რაზმის მიკუთვნებულობის დადგენის პირველივე მოთხოვნაზე, მოწინააღმდეგემ მოახდინა ერთჯერადი რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან რამოდენიმე გასროლა ქართველების მიმართულებით. ტყის პირობებში ყუმბარმტყორცნის გასროლის გაშლილმა ფრთებმა ტოტებთან შეჯახებისგან მუხტს მკვეთრად შეუცვალეს მიმართულება და აფეთქებებმა მიზანს ვერ მიაღწია. გაჩაღდა ინტენსიური საცეცხლე კონტაქტი მოკლე მანძილებზე. ქართველ მზვერავებს სწორედ ჰქონდათ გათვლილი, თუ რა პირობებში მოუხდებოდათ ბრძოლის გამართვა და საბრძოლო მარაგში თითო-თითო მჭიდი 7,62 მმ ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ვაზნებით ჰქონდათ დატენილი. ორივე მხარე ხეებს იყენებდა საფარად და სწორედ ამ მძლავრი ვაზნების ქონამ გადაწონა ბრძოლის სასწორი – ტყვიებმა ხის ტანებში გაატანეს და მოწინააღმდეგემ პირველი წუთებიდანვე ოთხი მებრძოლი დაკარგა, რის შემდეგადაც მიატოვა დახოცილები და უწესრიგოდ უკან დაიხია. ვინაიდან მშრალი პერიოდი იყო, აღნიშნული ტყვიებისა და ყუმბარმტყორცნების სროლის შედეგად ხეებქვეშა ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც საშუალება არ მისცა ქართველებს დადევნებოდნენ დაფანტულ მტერს. Dაღმოჩენილი საბუთების მიხედვით დახოცილებიდან ორი აღმოჩნდა ამტყელის მკვიდრი სომეხი ეროვნების, ორიც სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში მცხოვრები რუსი დაქირავებული.

ტყიანს განეკუთვნება ადგილმდებარეობა, რომლის ფართობის 50%-ზე მეტი დაფარულია ტყეებით. ხეების ჯიშების მიხედვით ტყეები იყოფა წიწვოვან, ფოთლოვან, შერეულ ტიპებად.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ტყეებისთვის დამახასიათებელი მრავალი სირთულეებისა, ეს მასივები მუდავ იზიდავდა და იზიდავს შეიარაღებული ძალების ყურადღებას. ერთის მხრივ, ტყეებს გააჩნიათ ჯარების შემნიღბავი თვისებები, როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდან და კოსმოსიდან თვალთვალისგან დასაფარად (წიწვოვან ტყეებს მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ფოთლოვანს გვიანი შემოდგომისა და ზამთრის გარდა), მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს ბრძოლის წარმოებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცირე ზომის ტყის კორომები და მასივები ასევე იწვევს მოწინააღმდეგის მხრიდან საკონტროლო ცეცხლს.

ტყეებში ბრძოლისთვის დამახასიათებელი ჩასაფრებებიდან და სამალავებიდან წარმოებული იერიშები და საცეცხლე დარტყმები მძიმედ აღიბეჭდება ჯარების ბრძოლისუნარიანობაზე და ზემოქმედებს მათ მორალურ მდგომარეობაზე. რაც უფრო ხშირი და გაუვალია ტყე, მით უფრო მეტ სირთულეებს აწყდებიან დაპირისპირებული მხარეები შეტაკების დროს. Aამ შემთხვევაში, წარმატებას აღწევს ის, რომელსაც გააჩნია ტყის პირობებში საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება და იმართებიან გამოცდილი მეთაურების მიერ.

ტყეში ბრძოლა გარკვეულწილად ჰგავს დასახლებულ პუნქტებში საბრძოლო მოქმედებებს, ვინაიდან ასევე ძირითადად წარმოებს ახლო მანძილებზე და უპირველეს ყოვლისა ქვეითი ძალები მიერ. შენაერთი (ნაწილი) ახორციელებს საბრძოლო მოქმედებებს როგორც მთავარი ძალების შემადგენლობაში, ასევე დამოუკიდებლად. ბატალიონი (ასეული) შესაძლებელია დაინიშნოს შემომვლელ, სარეიდო ან მოწინავე რაზმად. სატანკო ასეული ოცეულებად, ხოლო ტანკ-საწინააღმდეგო და ყუმბარმტყორცნთა ოცეულები ათეულებად გადაეცემა პირველ ეშელონში მოქმედ ქვეითთა ასეულებს (ოცეულებს).

ჯარების გადაადგილება ტყეში.
ტყეში გადაადგილებისას აირჩევა საჭირო მიმართულებით გამავალი გზები, განაკაფები, მდინარის ნაპირები, სიმაღლეები და ა.შ.
ამასთან, აუცილებელია მიმართულების აზიმუტების მითითება, რომლის მიმართულების მუდმივ შენარჩუნებისთვის საგანგებოდ გამოიყოფა მიმართველი ქვედანაყოფი.

ტყეში ჯარები გადაადგილდებიან გზების გასწვრივ და არა გზებზე. შორ მანძილზე გადასვლისას რამოდენიმე მარშრუტის გამოყენებით ადვილად შეიძლება ქვედანაყოფები დაიქსაქსონ და დაკარგონ კავშირები ერთმანნეთან. ამის თავიდან ასაცილებლად ინიშნება რეგულირების ზღუდეები (ძირითადად გადაადგილების მარშრუტების პერპენდიკულარულ ტყის ბილიკებსა და ფართო განაკაფებზე), რომელთა მიღწევისას ქვედანაყოფები უნდა შეჩერდნენ და მოიყვანონ თავი წესრიგში.

ღია მონაკვეთების, როკადული გზების, ფართო მდელოების გადაკვეთის წინ უნდა მომზადდეს საკმარისი საცეცხლე მხარდაჭერის ორგანიზება, მათ შორის ფლანგებზეც. ხშირად მიზანშეწონილია საეჭვო ადგილების მიმართულებით ცეცხლის გახსნა, სავარაუდო ჩასაფრებული მოწინააღმდეგის მხრიდან საპასუხო ცეცხლის პროვოცირებისთვის. ღია მონაკვეთის გადაკვეთისთანავე, ჯარებმა თავიდან უნდა განახორციელონ უშუალო დაცვა და მოიყვანონ თავი წესრიგში.

შეტევა. სასურველია ცალკეული ტყის კორომების და მცირე ზომის ტყეების მიმართულებებით მასირებული ცეცხლის წარმოებით მათი გვერდის ავლა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფალანგებზე მტრის დარტყმა. ტყის ფართო მასივებზე შეტევის დაგეგმვისას დეტალურად უნდა შეთანხმდეს მოძრაობისა და ცეცხლის წარმოების სისტემა.

ტყეში შეტევა შედგება ტყისპირზე შეტევის, მის სიღრმეში გარღვევისა და ტყიდან გამოსვლის ფაზისგან.

ტყის პირზე შეტევისას გამოიყენება იგივე ტაკტიკა და მეთოდები, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში, თუმცა საბრძოლო ამოცანები და ობიექტები შეირჩევა ნაკლებ სიღრმეზე. Pპირველ რიგში ხდება ტყის იმ მონაკვეთების დაკავება, რომლებიც ნახევარკუნძულებადაა გამოყოფილი მთავარი მასივიდან და შეიძლება საფრთხე შეუქმნას შეტევაში მყოფ ძალებს ფლანგებიდან. მხარდამჭერი საცეცხლე საშუალებების მასირებულმა ცეცხლმა ხელი უნდა შეუწყოს შემტევი ნაწილების წინსვლას. Bბრძოლის ამ ეტაპზე სატანკო ქვედანაყოფები მხარს უჭერენ ქვეითებს მოქმედებებს თავიანთი სრული შემადგენლობით. მას შემდეგ, რაც ქვედანაყოფები გადაკვეთენ ტყისპირს, მათ, როგორც წესი გადაჯგუფება მოუწევთ ტყის ხასიათიდან გამომდინარე (ბუჩქნარი, წაქცეული ხეები, დაჭაობებული მონაკვეთები). შეტევის შემდეგი ობიექტები აირჩევა ახლო მანძილებზე და ძირითადად მიმართულებების ორიენტირების თანხვედრით. ისევე როგორც დასახლებულ პუნქტში ბრძოლისას, შემტევ ქვედანაყოფებში ყალიბდება მოიერიშე ჯგუფები, რომლებიც იმავდროულად ასრულებენ საბრძოლო დაზვერვას – პატრულირებას. ქვეითთა ქვედანაყოფებში აუცილებელია იმყოფებოდეს არტილერიიდან მიმაგრებული კორექტირების ოფიცერი.
მოწინააღმდეგის თავდაცვის აღმოჩენილ მონაკვეთებზე იერიშის განხორციელებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად შეუძლიათ მიიღონ პირველი ეშელონის ფორმირებების მეთაურებმა. შეტევაში მყოფმა მენრძოლებმა მიუხედავად მხედველობის შემზღუდავი პირობებისა, გაბედულად უნდა მიიტანონ იერიში მოწინააღმდეგეზე სვლიდან ცეცხლის ინტენსიური წარმოებით. ხელყუმბარების გამოყენება შეზღუდულია, ვინაიდან ხეების ტანმა და ტოტებმა ხელყუმბარები შესაძლებელია უკან აისხლიტოს. ტყის ბილიკებისა და ნაკაფების გადაკვეთის ადგილებში წინააღმდეგობა შეიძლება მაქსიმალურად ძლიერი აღმოჩნდეს, ამიტომ სასურველია ასეთი მონაკვეთების შემოვლა, რისთვისაც გამოყენებულ უნდა იყოს ინფილტრაციის მეთოდი, რაც საშუალებას მისცემს ქვედანაყოფს ზურგში მოექცეს მოწინააღმდეგეს. შეტევაში მყოფ ქვეითებს მხარს უჭერს ცალკეული ტანკები, რომლებსაც იცავენ საგანგებოდ ამისთვის გამოყოფილი ქვეითების ჯგუფები. მეორე ეშელონის ქვედანაყოფების ამოცანაა ტყის გულდასმით გაწმენდა მტრის დარჩენილი წინააღმდეგობის კერებისგან, მათ შორის ე.წ. “გუგულების” (ხეებზე მოწყობილი საფარებიდან მოქმედი სნაიპერები) განადგურება. ტყეში არსებული ცუდი მხედველობის პირობებში ართულებენ ორიენტირებას, რის გამოც იზრდება “მეგობრული ცეცხლით” დაზიანების საფრთხე. ამის თავიდან ასაცილებლად,შეტევის გაგრძელების წინ მეთაურებმა თავი უნდა მოუყარონ დაფანტულ ნაწილებს და მოიყვანონ ისინი წესრიგში. ამ პერიოდში, მათ დაცვას უზრუნველყოფენ საბრძოლო დაზვერვის ჯგუფები (პატრულები). ტყეში სწრაფი შეტევა შესაძლებელია მხოლოდ მოწინააღმდეგის სრულად დათრგუნვის შემთხვევაში. შესაბამისად, ტყის ფართო მასივებში შეტევა ვითარდება ძალზე დიდი ხნის განმავლობაში და მოითხოვს ძალების დიდ დანახარჯს. ღამით ტყეში შეტევა თითქმის შეუძლებელია, ამდენად ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ მცირემასშტაბიანი ადგილობრივი იერიშები. იმ შემთხვევაში, თუკი ტყის ბოლოს მიღწევისას საჭიროა შეტევის გაგრძელება, საჭიროა შეჩერება და გადაჯგუფება, რომელიც უნდა განხორციელდეს ტყიდან გაუსვლელად, რათა დაფარული იყოს მოწინააღმდეგის თვალთვალისგან. თავად ტყიდან გამოსვლისას საჭიროა თავის არიდება გზების გამოყენებაზე, ვინაიდან სწორედ მათი მიმართულებით იქნება მოწინააღმდეგის ცეცხლი თავმოყრილი.

თავდაცვა. ტყიანი რაიონების მხედველობის შეზღუდული პირობები საშუალებას არ იძლევა თავდაცვითი პოზიციების პირდაპირ ცეცხლის ეფექტურად ორგანიზებისათვის. ასევე გართულებულია ურთიერთქმედება. Eეს გარემოება, აგრეთვე თავდაცვის მოწყობისთვის დიდი ძალების საჭიროება მნიშვნელოვნად აქვეითებს ტყის პოზიციური თავდაცვისთვის გამოყენების საჭიროებას, თუმცა თავის მხრივ, ხშირი ტყე აფერხებს მოწინააღმდეგის მხრიდან ჯავშან-ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობას. ბატალიონის დაცვის რაიონის ფრონტი არ უნდა აღემატებოდეს 800 მ-ს, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაშვებულ იქნას 1000 მ-ი. ტყისპირიდან მოცილებით ორგანიზებული თავდაცვის მოწინავე ხაზი საშუალებას იძლევა საცეცხლე წერტილების და საყრდენი პუნქტების ფარულად განლაგებისთვის.
პოზიციებს შორის მიჯნები უფრო მოკლე უნდა იყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული პოზიციებს შორის მოწინააღმდეგის შემოღწევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცეცხლის წარმოების სექტორების ფარულად გაწმენდას: ტოტების და ბუჩქნარისGაჩეხვა დაიშვება მხოლოდ იმ დონემდე, რაც საშუალებას არ მისცემს მტერს გამოამჟღავნოს პოზიციების განლაგება! ყველაზე მისაღებია სექტორში ბუჩქნარის და ტოტების გასხეპვა ადამიანის ნახევარ-სიმაღლემდე. უცილებელია არტილერიის ცეცხლის კორექტირების ოფიცრების რაოდენობის გაზრდა მოწინავე პოზიციებზე. საცეცხლე საშუალებები, განსაკუთრებით ნაღმ-მტყორცნები ექვემდებარებიან ქვეითებს. რეზერვების განლაგება წარმოებს ახლო მანძილებზე, ხოლო მათი ბრძოლაში შეყვანის გზები კარგად იწმინდება. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები პოზიციებს იკავებენ გზებისა და განაკაფების გაყოლებით, ფლანკირებული ცეცხლის წარმოების მიზნით. ტყეში მანევრული თავდაცვისთვის განსაკუთრებით ხელშემწყობი პირობებია ფართო მასივებში. ამ შემთხვევაში თავდაცვის აგება ხდება ჩასაფრებებზე, საცეცხლე ხაფანგებზე, ფარულ წინაღობებსა და დანაღმული ველების სისტემაზე. Mმოწინააღმდეგის წინსვლა ფერხდება მოძრავი რაზმების მანევრირებით, საცეცხლე დარტყმებით ახლო მანძილებიდან და ადგილობრივი კონტრ-შეტევებით ფლანგებსა და ზურგში. ეს მოითხოვს ყველაზე დაბალი რგოლის მეთაურთა დამოუკიდებულებასა და ინიციატივას.

რამოდენიმე მარტივი პრაქტიკული რჩევა:
• როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში პრიორიტეტს წარმოადგენს ტყისპირი;
• ტყეში შეტევის გადაჭარბებული სიჩქარე წარმოადგენს ყველაზე დიდ შეცდომას;
• ბუჩქნარი ფარავს მოწინააღმდეგის თვალთვალისგან და არა მისი ცეცხლისგან;
• ხშირი მცენარეული საფარი და რთული რელიეფი აფერხებს რადიო კავშირს;
• დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ტყეების პირობებში გაძლიერებულია აღჭურვილობის კოროზია, რაც მოითხოვს სათადარიგო ნაწილებსა და რემონტზე მკვეთრ დამოკიდებულებას;
• ტყის ხანძრები წარმოადგენს დიდ საფრთხეს პირადი შემადგენლობისთვის. ხანძრის ეპიცენტრში ტემპერატურამ შეიძლება 400-900 გრადუსს, ხოლო ძლიერი ქარის დროს ცეცხლის გავრცელების სიჩქარე 20-25 კმ/სთ-ს მიაღწიოს;
• ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარმტყორცნის გამოყენება ტყის პირობებში შეზღუდული ეფექტისაა, ვინაიდან ყუმბარის ფრთები ძალზედ მგრძნობიარეა ტოტებთან შეხებისას და ადვილად იცვლის მიმართულებას;
• ხელყუმბარები სასურველია მიზანს კი არ სტყორცნოთ, არამედ იმ ხის მაღალ ტოტებს, რომლის უკანაც იმყოფება მიზანი. ამ შემთხვევაში ხელყუმბარა აფეთქდება მიზნის თავზე და ნამსხვრევები უფრო ეფექტურად გაანადგურებს მოწინააღმდეგეს;
• ტყეებსა და ხშირ ბუჩქნარში გადაადგილებისას (განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონაში) ტკიპებისა და სხვა მავნებლებისგან თავის დაცვის მიზნით დაუშვებელია სახელოების აკაპიწება და საყელოს გახსნა;
• ქართველი სამხედროების მიერ საძილე ტომრის ქვეშ დასაფენი ე.წ. კარემატის (“კოვრიკის”) ზურგჩანთაზე დამაგრება ტყეში გადაადგილებისას იწვევს მის დახევას, ასევე მკვეთრად აფერხებს მებრძოლის მანევრირების შესაძლებლობას. ის უნდა წრიული ფორმით შენახულ იქნას ზურგჩანთაში. ამ შემთხვევაში არა მარტო იქნება დაცული დაზიანებისგან, არამედ ზურგჩანთაც მიიღებს სწორ ფორმას და ტვირთიც თანაბრად განაწილდება;
• ზოგადად ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება ამცირებს ცეცხლსასროლი იარაღის რესურს, მაგრამ ჯობია დაქვეითდეს რესურსები ვიდრე გაიზარდოს პირადი შემადგენლობის დანაკარგი და ვერ იქნას მიღწეული მიზანი. შესაბამისად ტყეში მოქმედების დროს ყოველ მეომარს საბრძოლო მარაგში უნდა გააჩნდეს ამ ტიპის ვაზნების გარკვეული რაოდენობა.
• ტყეში ძალზედ ეფექტურია გაკვამლიანების გამოყენებით მოწინააღმდეგის “დაბრმავება”, ვინაიდან ბუჩქნარი და ტოტები დიდხანს აკავებენ კვამლის ფარდას;
• ტყეში მოქმედების ორგანიზების პერიოდში, სხვა საკითხებთან ერთად მეთაურმა ასევე გულდასმით უნდა განსაზღვროს: გადაადგილებების აზიმუტები, ჯარების იდენტიფიცირების მეთოდები, ტყის ხერგილებისა და რთულად გასავალი ადგილების გადალახვის თანმიმდევრობა და ხერხები, ზომები ტყის ხანძრების ჩასაქრობად და ამ დროს პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ევაკუაციის გზები.



ვახტანგ კაპანაძე

ბრიგადის გენერალი

ალყა

FORTES FORTUNA ADJUVANT (ლათ. ბედი მამაცთ სწყალობთ) ანუ ალყაში ბრძოლა და ალყის გარღვევა
“მებრძოლს შეტაკებაში გადაარჩენს ძალა, მაგრამ გამარჯვებას მოუტანს ძლიერი სული”
ჩინური სამხედრო ტრაქტატი “სიმა ფა”
IV ს. ჩვ.წ. აღ-მდე

ამჟამად ვისაუბროთ ისეთ ურთულეს პირობებში წარმოებულ საომარი მოქმედებების შესახებ, როგორიცაა – ალყაში ბრძოლა და ალყის გარღვევა. მსოფლიო ომების ისტორიაში მრავლად მოიპოვება მაგალითი, როდესაც ალყაში ბრძოლისათვის მოუმზადებელი ძალები განიცდიდნენ სრულ კატასტროფას, ხოლო მათ, ვისაც გააჩნდათ უნარი, ნებისყოფა და გამბედაობა აღნიშნული ქმედებების ჩასატარებლად, წარმატებით განახორციელეს ალყაში თავდაცვითი მოქმედებები და ალყის გარღვევა, მიაყენეს მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზარალი.

საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ სამხედრო კონფლიქტებში მრავლად მოიპოვება ამ ტიპის როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების მაგალითები, თუმცა უპრიანი იქნება ამ მაგალითების პროფესიულ გარჩევას ცალკე დაეთმოს ადგილი ჟურნალში. სტატიის შეზღუდული მოცულობის გამო ამჯერად განვიხილავთ ორ წარმატებულ მაგალითს: ერთი მათგანი განხორციელდა ბრძოლებში გამოწრთობილი რეგულარული ოპერატიული გაერთიანების მიერ ტაქტიკის წესების სრული დაცვით, ბრწყინვალე სტილში, ხოლო მეორე – ირეგულარული, მაგრამ გაბედული, აგრესიული, მოტივირებული და მოხერხებული მებრძოლებით დაკომპლექტებული რაზმის მიერ.

დღევანდელი მოცემულობით, საბჭოთა სამხედრო წესდებები აღარაა ხმარებაში, ქართულის შემუშავება არ დასრულებულა, ხოლო ამერიკულიFსაველე წესდებებში (მაგ. FM 3-90) საკმარისად დეტალურად არ განიხილება ალყის პირობებში მოქმედება. ამავე დროს, საქართველოს მთა-გორიანი ომის თეატრში, როდესაც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე თავისი საბრძოლო კონცეფციებიდან გამომდინარე შეეცდება მასირებული ჯ/სატანკო ძალების კონცენტრირებული დარტყმებით გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, დაარტყას ფლანგებს, გავიდეს ზურგში, მოაქციოს ალყაში წინააღმდეგობის დარჩენილი კერები და მეორე ეშელონებით გაანადგუროს ისინი, უაღრესად აქტუალური ხდება ჯარებისა და შტაბების აღნიშნული საომარი პირობებისთვის მომზადება. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მკითხველს გავუზიაროთ ალყაში ბრძოლის და ალყის გარღვევის ზოგადი ტაქტიკური ხერხები და ის მეთოდები, რომლებიც საჯარისო წესდებებში ხშირად არ გვხვდება.

დავიწყოთ მაგალითით. 1944 წლის იანვარში გერმანელთა არმიის ჯგუფ სამხრეთის ექვსი დივიზია აღმოჩნდა ალყაში გენერლების ვატუტინისა და კონევის უკრაინის პირველი და მეორე ფრონტების მოულოდნელი დარტყმის შედეგად, სოფელ კორსუნის მახლობლად. გერმანელები კიდევ ერთხელ დადგნენ მეორე სტალინგრადის საფრთხის წინაშე. ამ პერიოდში საარმიო ჯგუფს სარდლობდა ერიჰ ფონ მანშტეინი, რომელმაც სასწრაფოდ გადააჯგუფა საარმიო ჯგუფი ალყაში მოხვედრილების დასახმარებლად. ალყაში მომარაგება და დაჭრილთა გამოყვანა ხორციელდებოდა მხოლოდ ჰაერიდან, რაც მალე ამინდისა და საბჭოთა ავიაციის ბატონობის გამო შეუძლებელი გახდა. დარჩა ერთი გამოსავალი – ალყის გარღვევა. ჰიტლერის ბრძანების მიუხედვად, რომლის თანახმადაც ყველას უნდა ეომა ბოლო ჯარისკაცამდე, მანშტეინმა მიიღო გადაწყვეტილება და 16 თებერვალს ღამით ალყაში მყოფთაგან ყველაზე ძლიერი შენაერთის ესეს “ვიკინგის” მოწინავეობით გერმანელებმა შეძლეს საბჭოელთა ალყის გარღვევა და გარედან მათ დასახმარებლად მებრძოლი სატანკო დივიზიებთან შეერთება.
ალყაში ბრძოლა 
ბრიგადის (ბატალიონის) ალყაში მოქცევა ყველაზე ხშირად ხდება თავდაცვითი ოპერაციების ან უკან დახევითი ქმედებების დროს მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების მოგერიების პროცესში. საქართველოსთვის მსგავსი გარემოებები განსაკუთრებით ხშირი შესაძლებელი იქნება არსებული მოწინააღმდეგის რესურსების და ოპერაციის მთა-გორიანი თეატრის პირობებში, როდესაც თავდაცვას ხშირ შემთხვევაში კერული ხასიათი ექნება. ასევე მაშინ, როდესაც უკან დახევისას დევნის ტემპები უფრო მაღალია, ვიდრე უკან დახევის, ამასთან ალყაში შესაძლებელია მოხვდეს როგორც არიერგარდი, ასევე ძირითადი ძალებიც. ცალკეულ შემთხვევაში, ალყაში შეიძლება მოხვდეს შეტევაში მყოფიც, თუკი მოწყდება ძირითად ძალებს. არსებული მთავარი მოწინააღმდეგის წესდებებისა და საბრძოლო კონცეფციების გათვალისწინებით, ალყის საბოლოო შეკვრის მიზნით, დიდი ალბათობით განხორციელდება საჰაერო და საზღვაო დესანტების გადმოსხმა, საჰაერო-საიერიშო ძალების გამოყენება, გარემოს დისტანციური დანაღმვა.

ალყის თავიდან აცილების მიზნით მეთაურმა უნდა:
• გააძლიეროს დაზვერვა, ფლანგების, ზურგის და მიჯნების უზრუნველყოფა;
• გადააჯგუფოს ძალები და საშუალებები ტანკ-საშიშ მიმართულებებზე, შექმნას რეზერვი;
• განახორციელოს მნიშვნელოვანი მისასვლელების დანაღმვა და საინჟინრო წინაღობების მოწყობა;
• საცეცხლე საშუალებების აქტიური ზემოქმედებითა და კ/შეტევებით აღკვეთოს შემოვლის მცდელობა;
• შეინარჩუნოს კავშირი მეზობლებთან და ზემდგომ მეთაურთან.

ალყაში ბრძოლა, ფაქტიურად წარმოადგენს თავდაცვით ქმედებებს პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე იმყოფება ერთდროულად ფრონტზე, ფლანგებსა და ზურგში.

ბრიგადა (ბატალიონი) იცავს რაიონს, რომელიც დაახლოებით შეესაბამება ან ოდნავ მცირეა მისი თავდაცვის მონაკვეთის ზომების, ანუ ბრიგადისათვის 10-15 კმ ფრონტითა და 10-12 კმ სიღრმით, ბატალიონისთვის – 5 კმ-მდე ფრონტი და 2-3 კმ-მდე სიღრმე.

ალყაში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია:
• წრიული თავდაცვის მოწყობა;
• დამატებითი დაზვერვის ორგანიზება;
• ძლიერი მობილური რეზერვების შექმნა ან აღდგენა, მათი რამოდენიმე რაიონში განლაგება;
• ტანკ-საშიში მიმართულებების გაძლიერება ტ/საწინააღმდეგო სისტემებით;
• თავდაცვის პირველი ეშელონების ფლანგების ცეცხლითა და საინჟინრო წინაღობებით დამატებითი გაძლიერება;
• მართვის პუნქტებისა და ზურგის საიმედო დაცვის ორგანიზება;
• აქტიური და აგრესიული კ/იერიშებით მოწინააღმდეგის შემოჭრილი “სოლების” და გადმოსხმული დესანტების განადგურება.

თავდაცვის წრიული ფრონტის დიდი გადაჭიმულობა და რამოდენიმე საშიში მიმართულების არსებობის – ერთის მხრივ, ძალებისა და საშუალებების სიმცირის პირობებში მანევრისთვის ხელშემწყობი შიდა საოპერაციო ხაზების არსებობის – მეორეს მხრივ, თავდაცვის ძალები იმგვარად უნდა იქნას ორგანიზებული, რომ შეძლოს უმოკლეს ვადებში ნებისმიერი მიმართულების გაძლიერება. ამ პირობებს კარგად აკმაყოფილებს ბრიგადის მოწყობა ერთ ეშელონად, ძლიერი რეზერვების გამოყოფით.

ბატალიონი, რომელიც ახორციელებს თავდაცვას ბრიგადის (ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფის) შემადგენლობაში, მთავარ მიმართულებებზე თავდაცვას ორ ეშელონად აწყობს, სხვა მიმართულებებზე – ერთ ეშელონად. ბატალიონი, რომელიც ალყაში იბრძვის დამოუკიდებლად, ეწყობა ერთ ეშელონად, ძლიერი რეზერვის გამოყოფით (არა ნაკლებ ორი ოცეულის შემადგენლობით).

ალყაში მოხვერდილი ძალების მთელი არტილერიის უდიდესი ნაწილი მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ცენტრალიზებულად. ბრიგადაში აუცილებელია ჩამოყალიბდეს ორი, ხოლო ბატალიონში ერთი ტ/საწინააღმდეგო რეზერვი და მოძრავი გადამღობი ჯგუფი.

მოქმედებების კოორდინირებისა და ერთობლივი ძალისხმევის ორგანიზების მიზნით, ალყაში მყოფი და ალყის გარეთ დარჩენილ ძალებს შორის კავშირი მუდმივად უნდა ფუნქციონირებდეს.

ალყაში მოხვედრილი ძალების მომარაგება წარმოებს ადგილობრივი მარაგებით და ჰაერით.



ლოგისტიკის ქვედანაყოფები და ძალები ერთიანდებიან ტაქტიკურ ჯგუფებად და ასევე მონაწილეობენ საერთო თავდაცვით მოქმედებებში. მათი განლაგების რაიონები ეწყობა საერთო თავდაცვის სისტემაში შემავალ საყრდენ პუნქტებად.

საბრძოლო მარაგების დაზოგვის მიზნით უპირატესობა ენიჭება პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის წარმოებას, როგორც უფრო ეკონომიურს და შედეგიანს.

იმ შემთხვევაში, თუკი მოწინააღმდეგე მოახერხებს წრიული თავდაცვის სიღრმეში შეჭრას და დაცვაში მყოფი ძალების დაცალკევებას, ალყაში მყოფმა მეთაურმა ყველა არსებული ძალებით უნდა ეცადოს გაანადგუროს შემოჭრილი მოწინააღმდეგე და აღადგინოს დაცვის სისტემის ერთიანობა.

ალყის გარღვევა
გარემოებიდან გამომდინარე ალყის გარღვევა და გამოსვლა შესაძლებელია მთელი ძალებით, ან მცირერიცხოვანი ჯგუფების ექსფილტრაციით. ეს უკანასკნელი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამოწურულია ალყაში მყოფთა გარედან დახმარების ყველა შესაძლებლობა, ხოლო ალყაში მყოფებთ აღარ ძალუძთ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა.

ალყის გარღვევა, როგორც წესი ხორციელდება ზემდგომი მეთაურის ბრძანების შესაბამისად. იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც კავშირი დაკარგულია ალყაში მოქცეულ და მის გარეთ მყოფ ძალებს შორის, ალყის გარღვევის გადაწყვეტილებას იღებს ალყაში მყოფი უშუალო მეთაური. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ამის საშუალება არსებობს, დაუშვებელია გარღვევის ხელშემწყობი მომენტის ხელიდან გაშვება.

ალყიდან გამოსვლის ვექტორი ყოველთვის არ ემთხვევა საკუთარი მთავარი ძალების განლაგებამდე უმოკლეს მანძილს. ხშირად, ამ მიმართულების პერპენდიკულარულ გარღვევას, მოულოდნელობის გამო, წარმატების უფრო მეტი შანსი აქვს. ამასთან, მოულოდნელობა და ყარადღების გადამტანი მოქმედებები უმეტეს შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობა, ადგილმდებარეობა ან საკუთარი მთავარი ძალების სიახლოვე.

გარღვევის დროისა და ადგილის სწორი განსაზღვრისთვის მეთაურმა უნდა განსაზღვროს, თუ რა დრო სჭირდება გარღვევის მოსამზადებლად, როდის უნდა დაიწყოს შეტევა, დღე-ღამის რა დრო და დარტყმის რა მიმართულებაა შესარჩევი, სად შეიძლება ელოდოს მოწინააღმდეგისგან მედგარ წინააღმდეგობას და სად არის მისი დაცვის უსუსტესი მონაკვეთი, რა ძალები შეიყვანოს ავანგარდში, რა ძალები არიერგარდში.

გარღვევა უნდა განხორციელდს გეგმაზომიერად. ამისთვის, ალყაში მოხვედრის პირველი წუთებიდანვე, მეთაური და შტაბი უნდა ზრუნავდეს გარღვევისთვის საჭირო საბრძოლო მასალისა და საწვავის საგანგებო მარაგების შექმნისთვის. გამომდინარე მის ხელთ არსებული ძალებიდან, გარე ფრონტზე მოქმედ საკუთარ ძალებამდე არსებული მანძილიდან და მოწინააღმდეგის შესაძლებლობებიდან, მარაგები უნდა შეესაბამებოდეს გადასაწყვეტ ამოცანას. მეთაურის გადაწყვეტილებით ნადგურდება ის ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რომელიც არ ექვემდბარება ევაკუაციას.

იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო ტექნიკა გამოსულია მწყობრიდან, იქმნება დაჭრილების გადამყვანი ქვედანაყოფები, ძირითადად არასაბრძოლო შემადგენლობიდან.

გარღვევის მომზადებაზე პასუხისმგებელი ოფიცერთა ჯგუფი ატარებს ყველა ზომას, რათა საიდუმლოდ იქნას დაცული ალყის გარღვევის გეგმა. ნაწილებისა და ქვედანაყოფების არსებული ბრძანებები და საიდუმლო დოკუმენტები მოწმდება და ნადგურდება.

გარღვევის წინა დღეს, უზრუნველყოფის ყველა საშუალება ნაწილდება ქვედანაყოფებში რათა დანიშნულ დროს მათ შეძლონ ბრძოლის წარმოება შევსების გარეშე.

ალყის გარღვევას წინ უნდა უსწრებდეს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული ქმედებები საპირისპირო მიმართულებებზე, ცრუ მანევრები ან ადგილობრივი ცრუ შეტევები. ამასვე ემსახურება ცრუ რადიო გადაცემები და “რადიო თამაშები”.

გარღვევაში მიმავალი ძალების საბრძოლო წყობა არსებული რესურსებისა და მოწინააღმდეგის ძალებიდან გამომდინარე, შეიძლება შედგებოდეს დამრტყმელი დაჯგუფებიდან (გარღვევის რაზმი, წარმატების განვითარების ქვედანაყოფები, მთავარი ძალები და რეზერვი), არასაბრძოლო ქვედანაყოფებიდან და დაფარვის ძალებად (მათ შორის დემონსტრირების და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ჯგუფები).

დამრტყმელ დაჯგუფებაში შედიან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები და ნაწილები. შესაძლებლობის მიხედვით ის შერეული ხასიათისაა. მის მეთაურად ინიშნება ყველაზე გაბედული და საზრიანი ოფიცერი. გამნაღმელები ასევე აუცილებლად უნდა შედიოდნენ მოწინავე ქვედანაყოფებში. ალყაში მოქცეული ბრიგადიდან ამ მიზნის შესასრულებლად გამოიყოფა გაძლიერებული საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი, ხოლო ბატალიონიდან – გაძლიერებული ასეული.

არასაბრძოლო ქვედანაყოფებში შედიან დაჭრილები, კ/გაბმულობის და ლოგისტიკის ქვედანაყოფები, ასევე შტაბები (საბრძოლო ქვედანაყოფების გარდა). აღნიშნული დაჯგუფება შესაძლებელია გადაადგილდებოდეს მთავარ ძალებთან ერთად, ან რეზერვსა და მთავარ ძალებს შორის.

არიერგარდი (დაფარვის ძალები) შეადგენენ შერეულ ქვედანაყოფებს, გაძლიერებულს ტ/საწინააღმდეგო საშუალებებით, მესანგრეებით (დანაღმვის საშუალებებით), მობილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით. ზოგადად, არიერგარდის საბრძოლო მოქმედებები თითქმის იდენტურია უკან დახევის შეკავების მეთოდის (რაზედაც ვრცლად ვისაუბრეთ ჟურნალ “არსენალის” 2010 წლის #1-ში).

მეთაური, როგორც წესი, იმყოფება ისეთ პოზიციებზე, საიდანაც შეძლებს არასაბრძოლო ქვედანაყოფების გამოსვლისა და არიერგარდის საბრძოლო მოქმედებების მართვას. პრაქტიკული მოსაზრებების გარდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არიერგარდულ ბრძოლებში ჩაბმულმა მებრძოლებმა არ იგრძნონ თავი მიტოვებულად.

ალყიდან ღამით გამოსვლისას, სასურველია არ განხორციელდს საარტილერიო მომზადება. დღისით პირიქით – მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ალყიდან ექსფილტრაცია მცირე ჯგუფებით ხორციელდება უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ძალებით გარღვევა ვერ მოხერხდა და მისი განმეორებისთვის რესურსები არასაკმარისია. Aამ შემთხვევაში მეთაური იძლევა ბრძანებას, რათა ჩამოყალიბდეს 10-11 კაცამდე ჯგუფები და ალყიდან დამოუკიდებლად განახორციელონ გასვლა. ჯგუფები თავის მხრივ იყოფიან 3-5 კაციან ქვეჯგუფად, რომლებიც ხილვადობის ცუდი პირობებისა და რელიეფის გამოყენებით ცდილობენ მოწინააღმდეგის ბლოკ - განლაგებებს შორის გაჟონვას. მთელი ძალებით გარღვევისგან განსხვავებით, ექსფილტრაცია ხორციელდება ექსცენტრული მიმართულებებით, რითაც ხდება მოწინააღმდეგის ძალისხმევის დაქსაქსვა. ყოველ ამ ჯგუფზე ნაწილდება ხელთ არსებული რუკები, საჭიროების შემთხვევაში მზადდება ადგილმდებარეობის სქემები თავმოყრის რამოდენიმე წერტილის მინიშნებით. დაჭრილებს, რომელთაც არ შეუძლიათ გადაადგილება, ურიგდებათ სურსათ-სანოვაგი და ხდება მათი სამალავებში შეფარება. შესაძლებლობის ფარგლებში, სასურველია მათი გადაცემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ალყის გარღვევას მნიშვნელოვანწილად აიოლებს ალყის გარეთ დარჩენილი ძალების მიერ დებლოკირების ოპერაციები, რაც თავისთავად საკმაოდ რთულ ქმედებებს განეკუთვნება, მოითხოვს უმკაცრეს კოორდინირებას და მომზადებას. ამ ტიპის საბრძოლო მოქმედებები შესაძლებელია ცალკე იქნას განხილული ჟურნალის მომდევნო ნომრებში.

კვლავ დავუბრუნდეთ საბრძოლო მაგალითებს და ვნახოთ, რომ უკიდურესად უიმედო მდგომარეობიდანაც კი შესაძლებელია წარმატებით გამოსვლა:

1995 წლის 9 იანვრის ყიზლარის სამხედრო აეროდრომსა და რუსეთის შინაგანი ჯარების ბატალიონის სამხედრო ქალაქზე განხორციელებული წარმატებული რეიდის შემდეგ ჩეჩენი საველე მეთაურის რადუევის 350 კაციანი რაზმი ასამდე მძევალთან და ტყვეებთან ერთად გამაგრდა დაღესტანში, დასახლებულ პუნქტ პერვომაისკიში, რომელშიც წინასწარ იყო ჩატარებული საინჟინრო სამუშაოები.

ფედერალურმა ძალებმა სამმაგი ალყა შემოარტყეს დასახლებულ პუნქტს. მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით და ნაალაფარი 82 მმ ნაღმტყორცნებით შეიარაღებულ რაზმელებს დაუპირისპირდა დაჯგუფება, სადაც შედიოდა 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 32 საარტილერიო დანადგარი და ნაღმ-ტყორცნი, 16 ცეცხლ-მტყორცნი, 10 დაზგის ყუმბარმტყორცნი, 3 “გრადის” დანადგარი, 54 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 22 ჯ/ტრანსპორტიორი, 4 ჯ/სადაზვერვო მანქანა, რამოდენიმე ტანკი და საბრძოლო ვერტმფრენი.

15 იანვრიდან დაწყებული 17 იანვრამდე საარტილერიო მომზადებებისა და საჰაერო დარტყმების შემდეგ ფედერალების სპეცდანიშნულების ნაწილებმა “ვიტიაზმა”, სობრმა, გრუ-ს სპეცნაზმმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს, მაგრამ დიდი დანაკლისის ფასად თავდაცვის ორი ხაზიდან მხოლოდ პირველის დაკავება შეძლეს.ალყაში მყოფებს გამოელიათ საბრძოლო მასალა და 17 იანვარს ღამით ალყის გარეთ მყოფი ბოევიკებთან კოორდინაციით განახორციელეს ალყის გარღვევა რამოდენიმე მონაკვეთზე. გამოიყენეს რა რთული მეტეო პირობები, მებრძოლებმა ფარული მიახლოების მიზნით ფეხზეც კი გაიხადეს და ისე აღმოჩნდნენ ფედერალების ბლოკ-საგუშაგოებთან 15-20 მ მანძილზე, რის შემდეგადაც გახსნეს ინტენსიური ცეცხლი და გაბედული იერიშით შეძლეს ალყის გარღვევა, ნაწილმა ნავებით, ნაწილმა ფეხით ნავთობის მილის გავლით გადაკვეთეს მდ.თერგი და გავიდნენ სამშვიდობოს, თან 15 მძევალიც გაიყოლეს! ფედერალების ზარალი 30-მდე დაღუპულს 95 დაჭრილს და თავისიანებისვე დახოცილ 11 მძევალს შეადგენდა. ამ შეტაკებებში დაიღუპა 58-ე არმიის დაზვერვის უფროსიც.

ოპერატიული ხელოვნება და ტაქტიკა გვერდზე რომ გადავდოთ, მთავარი, რაც ამ ორ მაგალითს აერთიანებს არის ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! საუკეთესო შემთხვევაში - მტერს ჩაბარებულის ტელე-კამერების წინ მუხლებზე დამდგარის აბუჩად აგდებას, პირუტყვივით მოპყრობას, საპყრობილეში მუცლის ტიფითა ან ჭლექით ყოველ დღე სიკვდილის მოლოდინს, წლობით “წითელი ჯვრის” გაზულუქებული ჩინოვნიკის იმედად ყოფნას, ხოლო უარეს შემთხვევაში – შენივე გათხრილი ორმოს პირზე დახვრეტას, ნამდვილად სჯობია 200-300 ნაბიჯის იარაღით ხელში იერიშით გადარბენა. გადარჩენის შანსიც არანაკლებია ვიდრე პირველ შემთხვევაში! რა თქმა უნდა ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, შესაბამისად, ის ვინც განსხვავებულად ფიქრობს, მებრძოლის პროფესიას არ უნდა ირჩევდეს – ყოველ შემთხვევაში, მე ესე მწამს...


ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი

“მტრის თვალების ფერის გარჩევა” – ბრძოლა მოკლე დისტანციაზე

“არ ესროლოთ, სანამ არ გაარჩევთ მათი თვალების გუგის სითეთრეს...”
ვიცე-პოლკოვნიკ სერ ენდრიუ აგნიუსის მიერ გაცემული ბრძანება შოტლანდიელი სამეფო ფუზელიორებისთვის დეტინგენის ბრძოლაში (1743 წელი).

ახლო მანძილებზე ბრძოლა (close quarters combat - CQC) წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების სახეს, რომელშიც დანაყოფი ახორციელებს მტერთან დაპირისპირებას პერსონალური იარაღით ძალზედ ახლო დისტანციაზე, ხშირად ხელჩართული ბრძოლის პირობებში. ტიპიური ახლო მანძილებზე ბრძოლის სცენარი ვითარდება მაშინ, როდესაც შეტევაში მყოფი მებრძოლები ძალზედ სწრაფად უახლოვდებიან მოწინააღმდეგეს, რომელსაც არ გააჩნია ბრძოლის ველიდან სწრაფად გაცლის შესაძლებლობა. ხშირია შემხვედრი ბრძოლის დროსაც, როდესაც ორივე მხარე თავისი ამოცანის გადაჭრას ცდილობს შეტევით. ახლო მანძილებზე ბრძოლა არ არის ხელჩართული ბრძოლის სინონიმი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ხელჩართული ბრძოლა წარმოადგენს მის შემადგენელ და კულმინაციურ ნაწილს. ახლო მანძილებზე ბრძოლა ხასიათდება ხანმოკლე, ძალზედ მაღალი ინტენსიობის, აგრესიულობითა და დაუნდობლობით სავსე გააფთრებული შეტაკებით.
შეიარაღებული ძალების საბრძოლო წესდებები, როგორც წესი ასახავენ მხოლოდ საერთო-საჯარისო ბრძოლის ძირითად პრინციპებსა და ასპექტებს, რომლის დროსაც ქვედანაყოფები მოქმედებენ არტილერიის, ჯ/ტექნიკისა თუ საჰაერო მარდაჭერით. ასევე არსებობენ ჯარისკაცის მოქმედების სახელმძღვანელოები და მითითებები, მაგრამ ისინიც ვერ ასახავენ სრულად იმ რთულ კომპლექსურობას, რომელიც შეიძლება შეიქმნას ბრძოლის ველზე, თანაც დასავლური საველე წესდებებში, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ახლო მანძილზე ბრძოლა განიხილება ძირითადად დასახლებულ პუნქტებში მოქმედების კონტექსტში, არადა, საქართველოს პირობებში ქართული შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ ბრძოლები აწარმოონ ნებისმიერი რთული გარემოს პირობებში (მთა, ტყე, დასახლებული პუნქტები), სადაც მოწინააღმდეგე სრულად ვერ იყენებს თავის ტექნიკურ უპირატესობას. ამავე დროს, რაც უფრო ახლოს ვიმოქმედებთ მასთან, ანუ როგორც სამხედროები იტყვიან “ქამარში ჩავჭიდებთ ხელს”, მით უფრო არაეფექტური გახდება მისი საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერის შესაძლებლობები. ამ დროს მოწინააღმდეგე მხარეებს ბრძოლა ძირითადად მოუწევთ მხოლოდ ტარებადი საშტატო იარაღით.

ამ პირობებში ახლო მანძილებზე შეტაკება შესაძლებელია მოუხდეს არა მარტო ქვეითებს, არამედ ჯ/ტექნიკის ეკიპაჟებს, არტილერიის სისტემებისა თუ ტყვიმფრქვევების გათვლებს და ა.შ. შესაბამისად, ყველა მათგანი მზად უნდა იყოს თავისი ინდივიდუალური იარაღის ეფექტურად გამოყენებისთვის.
თავისი ხასიათით ახლო მანძილებზე ბრძოლა წარმოადგენს ლოკალური შეტაკებების სერიას, რომელშიც წარმატება განპირობებულია ინდივიდუალური მებრძოლის უნარითა, ფსიქოლოგიური მდგრადობითა და მომზადების დონით, ვინაიდან მცირე დანაყოფების მეთაურებს ექნებათ მხოლოდ 2-3 უშუალო სიახლოვეს მოქმედი სამხედროს ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.

დავიწყოთ იმ იარაღიდან, რომელთანაც ასოცირდება ახლო ბრძოლა და რომელმაც შეიარაღებიდან ალბათ ყველაზე ნაკლები ცვლილება განიცადა გამოყენებისა და ტექნიკური დახვეწის მხრივ მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ბრძოლის ველზე XVI საუკუნის ბოლოს. ეს იარაღი - მარტივი და ბრუტალური ხიშტია. ბრიტანელებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად შეტევაში გადადიან შA80-ზე მიმაგრებული ხიშტებით (მიუხედავად იმისა, რომ შA80 თავისი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამიმდინარე ყველაზე ნაკლებადაა მოსახერხებელი ხიშტის გამოყენებისთვის), ამერიკელები თავიანთ M16 ან M4-ებს იყენებენ მათ გარეშე. მიუხედავად აღნიშნულისა, ბოლო დრომდე სამხედრო მოსამსახურის მომზადების ამერიკულ სისტემაში ხიშტით ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ახლახან, ამერიკის მაღალ შტაბებში გადაწყვიტეს, რომ ხიშტით ბრძოლა უკვე აღარ არის რელევანტური თანამედროვე საბრძოლო ველზე, ამდენად საჭიროა წვრთნების აქცენტები გადატანილ იქნას ხელჩართული ბრძოლის დროს იმპროვიზირებული იარაღის გამოყენებაზე (ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, “ყველაფერზე რაც ხელში მოგხვდება”, მათ შორის ხის ნატეხისა და ქვის ხმარებაზეც). ცვლილებების აუცილებლობას ასაბუთებენ ავღანეთისა და ერაყის საბრძოლო გამოცდილების ადაპტირების შედეგებზე დაყრდნობით, სადაც ხელჩართული ბრძოლის დროს მებრძოლი ან შაშხანას ხმარობდა კეტივით, ან პირად დანას და პისტოლეტს. საინტერესოა, რომ ხიშტის ხმარებასთან ერთად ცვლილებები შეეხო ტრადიციულ 5 მილიან კროსს, რომელიც ჩანაცვლებულ იქნა ზიგ-ზაგით მოკლე დისტანციებზე სპრინტითა და კუნთური მასის მომატებისკენ მიმართული ვარჯიშების კომპლექსის გაზრდილი ინტენსიობით. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად გამოწვეულია იმ რეალობით, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ამერიკელი და ნატო-ს უმეტესი ქვეყნის სამხედროები და რომელიც ზოგადად უკავშირდება სამხედრო რეკრუტების ჭარბ წონასა და ფიზიკური მდგომარეობის დაბალ დონეს. აშშ წვრთნებისა და დოქტრინების სარდლობის წარმომადგენლის გენერალ-ლეიტენანტ მარკ ჰერტგოინგის განცხადებით: “ ჩვენ უნდა გავხადოთ წვრთნა ადექვატური თანამედროვე საბრძოლო ველის კონდიციებისადმი” ანუ, ექსპერტების აზრით, ჯობია ხიშტით ბრძოლის წესების შესწავლის მაგიერ, ახალგაზრდა სამხედროებმა მეტი დრო დაუთმონ ძალის მომატებისკენ მიმართულ ვარჯიშებს, რათა უკეთ შეძლონ ბრძოლის ველზე გადაადგილება მძიმე ზურგჩანთებითა და ჯავშან-ჟილეტებით, ან თუნდაც ამოიყვანონ თავიანთი დაჭრილი თანამებრძოლი ცეცხლმოკიდებული ტექნიკიდან.

მიუხედავად გარკვეული მიზანშეწონილობისა, ამერიკის სამხედრო წრეებშიც კი არ იქნა აღნიშნული ცვლილება ერთმნიშვნელოვნად გაზიარებული. საზღვაო ქვეითთა სარდლობაში თვლიან: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ქვეითებმა იარაღზე მიმაგრებული ხიშტებით ბოლო იერიში განახორციელეს 1950 წელს კორეის ომის დროს, ცნობილი “სიმაღლე 180”-ის აღებისას - ხიშტით ბრძოლა უნდა დარჩეს აშშ-ს სამხედრო საზღვაო ქვეითთა ხელჩართული ბრძოლის მომზადების სისტემის მნიშვნელოვან სეგმენტად. როგორც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა წვრთნებისა და განათლების სარდლობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: “რეკრუტები გაივლიან ხიშტით ბრძოლის სრულ კურს, მათ შორის ხიშტით “დასერვით” ტექნიკას (რომელიც თანამედროვე საიერიშო შაშხანისა და ხიშტის მოკლე ზომების გამოა გახდა აქტუალური), ვინაიდან აღნიშნული ცოდნა აუცილებელია ავღანეთისთვის”.

სულ სხვა მიდგომაა ამ მხრივ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში. ვნახოთ რამოდენიმე მაგალითი: 1982 წლის 13-14 ივნისს ფოლკლენდის კრიზისის დროს ბრიტანელებმა განახორციელეს იერიში ქ. სტენლის მახლობლად გაბატონებულ სიმაღლე მთ. თამბლედოუნის მიმართულებით, რათა ეს სტრატეგიული წერტილი გაეწმინდათ კარგად ჩასანგრებული არგენტინელებისგან. იერიში განხორციელდა ღამის 2:30. მიუხედავად არგენტინელთა ფორტიფიცირებული ტყვიამფრქვევების და სნაიპერთა დამიზნებითი ცეცხლისა, ბრიტანელებმა მტერს მედგრად შეუტიეს ხიშტმომარჯვებული იარაღით და წარმატებით გაწმინდეს სიმაღლე. ბრძოლის დროს მაიორმა კისზელიმ (ომის შემდგომ გენერლის წოდება მიენიჭა) პირველმა შეძლო მოწინააღმდეგის პოზიციებთან მიღწევა, ხელჩართულ შეტაკებაში ცეცხლით გაანადგურა ორი და ხიშტით მესამე მოწინააღმდეგე. აღნიშნული ვაჟკაცობისთვის მაიორი კისზელი დაჯილდოვდა “სამხედრო ჯვრით”. ამ შემთხვევიდან 22 წლის შემდეგ, 2004 წლის მაისში ბრიტანეთის შოტლანდიელ სამეფო სიუზერლენდის პოლკის 20 მებრძოლი თავისი ლენდ-როვერებით ახორციელებდა გადაადგილებას სამხრეთ ერაყში. ქ. ამარადან 15 მილის დაშორებით, ბასრა-ბაღდადის გზატკეცილზე ქვედანაყოფი მოჰყვა რელიგიური ლიდერის მოქთადა ალ-სადრის დაახლოებით 100 შიიტი მებრძოლის ჩასაფრებაში, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ტყვიაფრქვევებით, ყუმბარ-ტყორცნებითა და ნაღმ-ტყორცნებით. ორივე მანქანა პირველივე წამებზე გამოვიდა წყობიდან. ბრიტანელებმა დაიკავეს დაცვითი პოზიციები და ჩაებნენ საცეცხლე დაპირისპირებაში. დაახლოებით 3 საათი ბრძოლის ბოლოს ბრიტანელებს საბრძოლო მასალა დაუმთავრდათ, რის შემდეგადაც ისინი ხიშტებით გადავიდნენ იერიშზე, ელვისებურად გადაკვეთეს 150 მ-მდე ღია გამყოფი ზოლი და ეკვეთნენ მტერს, რომელსაც პოზიციები მოწყობილი ჰქონდა გზას გაყოლებულ არხში. სასტიკ ხელჩართულ ბრძოლაში, სადაც მტრის უპირატესობა ერთი-ხუთთან იყო, მათ ხელ და ხელ გაანადგურეს მოწინააღმდეგის 20-ზე მეტი და ტყვედ აიყვანეს 9 მებრძოლი. ბრიტანელთა დანაკარგმა 3 დაჭრილი შეადგინა. ბოლოს კიდევ ერთი უახლესი მაგალითი კვლავ ბრიტანელების გამოცდილებიდან - ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულების დროს შოტლანდიელთა სამეფო პოლკის მე-5 ბატალიონის ლეიტენანტმა ჯეიმს ადამსონმა დაიმსახურა “სამხედრო ჯვარი” გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის. მაშინ როდესაც, თავის ქვედანაყოფთან ერთად ახორციელებდა საეჭვო ნაგებობების დათვალიერებას, ის პირისპირ გადაეყარა 2 ავღანელ მოჯაჰედს, რომელთაგანაც ერთი შაშხანიდან ავტომატური ჯერით გაანადგურა, ხოლო ვაზნების გარეშე დარჩენილმა მეორე ხიშტით განგმირა.

შეიძლება ვინმემ ჩამთვალოს კონსერვატორად და მოძველებული შეხედულებების მქონე სამხედროდ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებში უნდა აღდგეს ხიშტი, როგორც შეიარაღების ნაწილი, ხოლო მებრძოლები მომზადნენ ხიშტის ხმარების პროგრამით. აღნიშნული მიზანშეწონილია შემდეგი ძირითადი მოსაზრებებით:
• აღნიშნული ვარჯიშების კურსი მეომარის ფსიქიკაში იმუშავებს მებრძოლის მენტალობასა და პოზიტიურ აგრესიულობას;
• მტერთან მოულოდნელი შეჩეხების პირობებში, განმუხტული იარაღის ხიშტის გამოყენება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, მაშინ როდესაც დანის ამოღებას და მომარჯვებას გარკვეული დრო სჭირდება, ისევე როგორც ავტომატის კეტივით გამოყენების მიზნით ხელში გადანაცვლებას;
• ხიშტიანი იარაღით, ახლო მანძილიდან, საბრძოლო შეძახილით შეტევაზე გადმოსული მეომარი მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოწინააღმდეგეზე და არ აძლევს მას საშუალებას ზუსტი დამიზნების განსახორციელებლად, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორია ახლო ბრძოლაში;
• მტრულად განწყობილი ადამიანებით დასახლებულ ტერიტორიაზე პატრულირებისას, ტყვეების კონვოირებისას, ხელჩართულ შეტაკებაში - ხიშტი მნიშვნელოვნად იცავს იარაღს მოწინააღმდეგის მხრიდან მასზე მოულოდნელად ხელის ჩავლებისგან.
• მებრძოლებმა უნდა აითვისონ, რომ მოულოდნელობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ხელჩართული ბრძოლისთვის მორალური მზაობა – წარმოადგენს ხიშტით ბრძოლაში წარმატების მიღწევის სამ ძირითად შემადგენელს.

ხიშტით ბრძოლის შესწავლა უნდა განხორციელდეს შემდეგი ალგორიტმით: ტექნიკის დამუშავება ფიტულის გარეშე, ფიტულზე იერიში ადგილიდან, ფიტულზე იერიში ნაბიჯის გადადგმით, ხიშტის გამოყენება ნაბიჯში და სირბილში, ხიშტის გამოყენება ფიტულების ჯგუფში მიმართულებების ცვლილებით, ხიშტის გამოყენება სხვადასხვა პირობებში (სანგარი, ტყე, შენობა, ტრენშეა და ა.შ.). მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს მებრძოლში აგრესიულობის გამომუშავებას, სიზუსტეს და ძალას. Yყურადსაღებია ცნობილი რუსი გენერლის დრაგომიროვის გამონათქვამი: “ცივი იარაღის ხმარებისას თვალზომა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სროლისას: იქ მანძილის განსაზღვრის შეცდომა ნიშნავს დაკარგულ ტყვიას, ხელჩართული ბრძოლაში – დაკარგულ სიცოცხლეს”.

უნდა აღინიშნოს, რომ ხიშტი ახლო ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია.
ამ სტატიაში არ შევეხებით ხელჩართული ბრძოლის მეთოდებს, რისთვისაც უამრევი შესაბამისი ლიტერატურა და სახელმძღვანელო არსებობს. მხოლოდ ერთს გავუსვამ ხაზს - ილეთები უნდა იყოს მარტივი, ინდივიდუალურ მებრძოლზე მორგებული და ეფექტური, სამხედროს უნდა შეეძლოს მათი განხორციელება მთელი აღჭურვილობის და მძიმე სამხედრო აღკაზმულობის პირობებში (კუნ-ფუს ან კარატეს დიდოსტატებივით ვერ “იფრენენ” ჰაერში). ამ დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების ტექნიკას და ტაქტიკასაც, რაც ამ შემთხვევაში რამდენადმე განსხვავებულია შორი დისტანციებზე მისი გამოყენებისგან (რისთვისაც ფაქტიურად შეიქმნა თავის დროზე). მაგალითად, ნიუ-იორკის პოლიციის მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, რომელთაც ყველაზე უფრო ხშირად უწევთ იარაღის ახლო მანძილზე გამოყენება, 6000 შემთხვევიდან მოწინააღმდეგის მიზანში ამოღებით სროლა განხორციელდა მხოლოდ 20% შემთხვევაში. ყველა დანარჩენი პროცენტი მოდიოდა ინსტიქტურ სროლაზე, როდესაც დამიზნება განხორციელდა ლულის მეშვეობით, რაც გამოწვეული იყო მოწინააღმდეგის სიახლოვით, ინციდენტის სწრაფი ესკალაციით, ცუდი განათებით და ა.შ. კვლევის თანახმად, პოლიციელთა 93% ფოკუსირებული იყო მიზანზე და არა იარაღზე, ხოლო 88% სროლა განახორციელა ბინოკულარული მხედველობის (ორივე გაღებული თვალი) გამოყენებით.

ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეეები სათანადო მომზადებას გადიან თავისი ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით და სასწავლო ცენტრებში ალბათ ახლო ბრძოლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაც ხდება, ამდენად ქვემოთ მოყვანილი რამოდენიმე რჩევა, დაფუძნებული საბრძოლო გამოცდილებაზე, ალბათ უპირველეს ყოვლისა საინტერესო და სასარგებლო იქნება ქართველი რეზერვისტებისთვის. აი, ისინიც:

მოკლე დისტანციებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას, თუკი მას არ გააჩნია სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო, ძირითადად გამოიყენება სროლის შემდეგი მეთოდები:
1. მიზანში ზუსტად ამოღება. ეს ტექნიკა საბაზო სროლის ტექნიკაა და ყველაზე ზუსტი სროლის საშუალებას იძლევა. მისი არსი ყველასთვისაა ცნობილი და აღწერილია ყველა შესაბამის სახელმძღვანელოში. ამ დროს ხდება წინა და უკანა სამიზნის (ძირითადი ნიშანი და უკანა თამასა) გასწორება, მიზნის სილუეტზე შეთავსება და რბილი დაწოლა სასხლეტზე. მოითხოვს 2-3 წმ-ს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც სიზუსტე უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სისწრაფე. ჩვეულებრი გამოიყენება 25 მ-ზე მეტ დისტანციაზე.
2. “მონადირული” სროლა. ეს მეთოდი ცნობილია მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია სანადირო გლუვლულიანი თოფი. ამ დროს დამიზნება ხდება მხოლოდ თოფის ნიშნის (წინა სამიზნის) გამოყენებით. ეფექტურია 10-15 მ მანძილებამდე, როდესაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს სამიზნის ვერტიკალურ ცთომილებას.
3. ინსტიქტური სროლა. მეთოდს საფუძვლად უდევს ადამიანის რეფლექტური ქმედებების მექანიკა ( მაგ. ჭამის დროს არ გვჭირდება ჩანგლის პირისთვის დამიზნება, ისევე როგორც ჩოგბურთელი ბურთს არ უმიზნებს ჩოგანს და ა.შ.). ამ შემთხვევაში მსროლელი ფოკუსირებულია მიზანზე და არა იარაღზე. იარაღს მიმართავს ინსტიქტურად, დამიზნების გარეშე, გამომუშავებული რეფლექსებისა და კუნთის მეხსიერების გამოყენებით. ამ მეთოდს სჭირდება დიდი პრაქტიკული გამოცდილება. გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

არსებობს ბრძოლების გამოცდილებიდან მოსული რამოდენიმე პრაქტიკული ხერხი, რომელიც გამოყენებადია ახლო ბრძოლის პირობებში:
- ხმარებიდან უნდა იქნას ამოღებული ორი მჭიდის ერთმანეთთან საიზოლაციო თამასით გადაბმის მავნე პრაქტიკა, ვინაიდან, ჯერ ერთი – მისი მოხსნა, ამოტრიალება და ისევ მიმაგრება დაახლოებით იმდენივე დროს მოითხოვს, რაც მომზადებული სამხედროს მიერ ცარიელი მჭიდის ახლით შეცვლა; მეორე – უკარგავს იარაღს სიმძიმის ცენტრს, მესამე – ართულებს დაწოლილი პოზიციიდან ნიდაყვებზე დაყრდნობით სროლას, მეოთხე და მთავარი – იქმნება დიდი საშიშროება ტალახსა თუ მტვერში გადაადგილებისას, როდესაც ქვედა პოზიციაში მყოფი მჭიდი ივსება ჭუჭყით, რაც იწვევს ვაზნების გაჭედვას.
 ყოველი მე-3 ან მე-4 ვაზნა მჭიდში სასურველია იყოს მანათობელი სროლის კორექტირებისთვის დახურულ სივრცეში, ასევე, ბოლო ორი ვაზნა იყოს მანათობელი, რათა მოხდეს მჭიდის დაცლის ინდიკაცია, ან ბოლო 2-3 ვაზნის წინა ვაზნა იყოს მანათობელი, რაც საშუალებას იძლევა მსროლელმა დროულად გაითვალისწინოს მჭიდის დაცლის მოახლოება და ისე გამოცვალოს მჭიდი, რომ გადატენვაზე დრო აღარ დახარჯოს. P
 პატრულის (მზირის) წყობა ტყის პირობებში ან მთაში გადაადგილებისას სასურველია იყოს ერთ მწკრივად (“ჯაჭვი”) ან Y მაგვარი (“ფიწლისებური”), თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებით, საუკეთესო მაინც “რომბია”, რომელიც იძლევა 360 გრადუსიან კონტროლის საშუალებას. ორმაგი მწკრივის გამოყენება დასახლებული პუნქტის გარდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ჩასაფრებაში მოხვედრის დროს ურთიერთდაზიანების საფრთხის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, წყობის ფორმა გამომდინარეობს გარემო პირობებისა და მოწინააღმდეგის შესაძლებლობისგან.
 უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო დისტანციაზე კონტაქტის დროს დაუყოვნებელ რეაქციას, სიზუსტეს და ჩამხშობ საპასუხო ცეცხლს, ე.წ. “საცეცხლე დუელის მოგებას” პირველივე წამებიდანვე. ამ დროს, რაც უფრო მოუმზადებელია მოწინააღმდეგე, მით უფრო ცდილობს იმოქმედოს შექუჩულად, ერთმანეთთან ახლოს. ასევე, ცდილობს უსარგებლო ცეცხლი გახსნას შორი მანძილიდან, მაშინ როდესაც, მომზადებული მებრძოლი ახორციელებს მანევრს ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგესთან დისტანციის შესამცირებლად მისი უკეთ განადგურების მიზნით.
 ჩვეულებრივ, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ვიზუალური ინდიკაციის ნიშნებს წარმოადგენს: მოხაზულობა, ჩრდილი, ანარეკლი, სილუეტი და მოძრაობა, თუმცა ახლო ბრძოლისას დროის დეფიციტის გამო, ხშირად საჭირო ხდება არა ზუსტად განსაზღვრო რას ხედავ, არამედ ივარაუდო მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელი, თუნდაც ინსტიქტურად შეიგრძნო, რომ გარემოში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია პიროვნების გამოცდილება და უმცირესი დეტალების შემჩნევის უნარი. მიუხედავად ცინიკური ფორმისა, ასეთი შემთხვევებისთვის აქტუალურია მრავალი მებრძოლის სისხლზე დაფუძნებული სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე კანონი: “თუკი რამეზე ეჭვი გეპარება – დააცალე მჭიდი!”.
 სასიცოცხლო მნიშვნელობისაა წესი – არასდროს მოიშორო იარაღი! ბრიტანელ სპეციალურ საჰაერო სამსახურის (შAშ) მებრძოლებს ერთი პერიოდი, თავიანთი იარაღიდან მხარზე გადასაკიდი თასმები მოხსნილიც კი ჰქონდათ, რათა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში ჰქონოდათ იარაღი.
 ახლო ბრძოლაში გასროლა, რომელიც მტერს ვერ შეაჩერებს მყისეულად, ბევრად არ სჯობია მიზანზე აცილებას. მხოლოდ მიზნის დაზიანება საკმარისი არ არის, საჭირო ხდება მოწინააღმდეგისთვის არა მარტო მორტყმა, არამედ მისი დაუყოვნებლივი გაუვნებელყოფა. ჩვეულებრივ სამხედრო სწავლობს სამიზნის ყველაზე ფართო და უძრავ ნაწილზე დამიზნებას (მკერდის, მუცლის არე), რაც მისაღებია დისტანციაზე საცეცხლე დუელის წარმოებისას, ხოლო ახლო ბრძოლაში მებრძოლი კონცენტრირებული უნდა იყოს მოწინააღმდეგისთვის ყველაზე შემაჩერებელ წერტილში – თავში სროლისთვის, რაც გამომუშავებულ უნდა იყოს რეფლექსების დონეზე, როგორც ერთი, ასევე რამოდენიმე მოწინააღმდეგის პირობებში. ვერ შეძლებ ამას, შეძლებს მოწინააღმდეგე! შეუძლებელი არაფერია, სწორი წვრთნისა და მონდომების შემთხვევაში ძალზედ ადვილად მიიღწევა კარგი შედეგები.
 ახლო ბრძოლის პირობებში ვითარების სწორი შეფასებისთვის მცირე ზომის ქვედანაყოფებისა და ჯგუფების მეთაურებს უნდათ შეეძლოთ, მოწინააღმდეგის ცეცხლის სიმჭიდროვის მიხედვით, სმენით განსაზღვროს მისი რაოდენობა, შეიარაღება, განლაგება, მისი ძალისხმევის მიმართულებები.
 აკ-ს საბრძოლო სროლის ტემპი ძალზე მაღალია. ერთი 30 ვაზნიანი მჭიდის დაცლას ჯერით მხოლოდ 3 წმ-მდე სჭირდება. ამდენად მიზანშეწონილია ერთჯერადი სროლის რეჟიმის გამოყენება, რომლის დროსაც გამოცდილ მებრძოლს შეუძლია საკმაოდ მაღალი ტემპით აწარმოოს სროლა იარაღის შესაბამისი კორექტირებით. ახლო ბრძოლისას ზოგჯერ იქმნება პირობები, როდესაც საჭიროა ავტომატური ჯერის გამოყენება, განსაკუთრებით თუკი ახლო მანძილზე მოულოდნელად გადაეყრები მოწინააღმდეგის ჯგუფს. ვინაიდან კალაშნიკოვი ჯერით სროლისას უკუცემა ლულას ხრის მარჯვნივ და ზევით, ამდენად სროლა სასურველია უახლოესი მარცხენა მიზნიდან დავიწყოთ.
 არტილერიის შეზღუდეული გამოყენების პირობებში ხელის რეაქტიული ყუმბარმტყორცნებს წარმატებით შეუძლიათ ახლო დისტაციებზე საბრძოლო მხარდაჭერის როლის თავის თავზე აღება, რაც რიგ შემთხვევაში უფრო ეფექტურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე 122 მმ-იანი ჰაუბიცა. ბრძოლის დროს ყუმბარმტყორცნელს მისი თანაშემწის გარდა დამატებით უნდა მიმაგრდეს კიდევ ერთი მებრძოლი. ჯერ ერთი იზრდება ყუმბარების მარაგი, მეორეც - ყუმბარმტყორცნელის დაცულობა, ვინაიდან რამოდენიმე გასროლის შემდეგ მისი სმენა სრულად ვეღარ აღიქვამს ბრძოლისა და ბრძანებების ხმას და ადვილად მოწყვლადი ხდება ახლო ბრძოლაში.
 კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საბრძოლო მოქმედებების ახლო ბრძოლის პირობებში საცეცხლე ჯგუფის ახლო წყობით, მხარდამხარ გადაადგილების, რაც წარმოადგენს პოლიციური ტაქტიკის ელემენტს. ის რაც წარმატებით გამოიყენება ხელში მძევალჩაგდებული და ოთახში გამაგრებული ტერორისტის წინააღმდეგ, სახიფათოა სამხედრო ქვედანაყოფთან დაპირისპირებისას. დაუშვებელია ერთი ხელყუმბარის კოლექტიური მსხვერპლი გახდეს 4 თუ 6 მებრძოლი ერთდროულად. ამის გარდა, როგორც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, ჩვენი რეალური მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები გაჯერებულნი არიან ხელის რეაქტიული ყუმბარმტყორცნებით (რპგ) და ამგვარი ჯგუფური სამიზნის შედარებით ნელი გადაადგილება წარმოადგენს მათთვის ადვილად მოწყვლად ობიექტს. რპგ-ს კუმულიატიური გასროლაც კი პირად შემადგენლობას აფეთქების ტალღისა და ნამსხვრევების საშუალებით აზიანებს 4 მ რადიუსში. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მის არსენალში ფუგასურ-მსხვრევადი ყუმბარის არსებობა და ჯარისკაცული “ეშმაკობები” – ნამსხვრევების რაოდენობის გაზრდისთვის რპგ-ს ყუმბარის თავზე მავთულის შემოხვევა, ან იზოლიაციური ლენტით მზა დამაზიანებელი ელემენტების მიმაგრება (ლურსმნები, რკინის ჭანჭიკები და სხვ.).
 ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის (გპ-25) გამოყენებისას ახლო დისტანციაზე ბრძოლაში, პირდაპირი დამიზნებით მიზანში ამოღება და სროლა რთულია მისი სასხლეტის დაშორებული მდებარეობის გამო, ამიტომ გაცილებით ადვილია მისი ხმარება, თუკი მხარზე მიიყრდნობთ არა ავტომატის კონდახს, არამედ ავტომატის პისტოლეტურ სახელურს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გპ-25-ის ყუმბარის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდება გასროლიდან 10-20 მ-ის ფრენის შემდეგ. უფრო ახლო მანძილზე შესაძლებელია ყუმბარა არ აფეთქდეს.

ახლო ბრძოლის პირობებში ბრძოლისთვის არსებობს მსოფლიო საბრძოლო გამოცდილებიდან მოსული რამოდენიმე უმარტივსად დასამახსოვრებელი, თუმცა ხშირად ძნელად განსახორციელებელი წესი:
- ჯობია იმოქმედო წყვილებში, სამეულებად, ოთხეულებად, ვიდრე ეულად;
- ერთმანეთში კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ყოველი სიგნალი, ჟესტი, მოქმედება. ნებისმიერმა მებრძოლმა ერთნაირად უნდა გაიგოს მინიშნება;
- იყავი მაქსიმალურად ყურადღებით. უმნიშვნელო დეტალები არ არსებობენ;
- მუდმივად იაზროვნე. შეარჩიე საუკეთესო საფარი, გადაადგილების მარშრუტი, მოქმედების ვარიანტი, პრიორიტეტული სამიზნე და ა.შ.;
- მუდმივად განსაზღვრე შენი ადგილი გარემოში. იცოდე სად არიან შენიანები, სად მტერი. დიდი მნიშვნელობა არ აქვს მტრის ტყვია მოგხვდება თუ შენიანის, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო “გულდასაწყვეტია”;
- შეაგროვე მაქსიმალური ინფორმაცია ბრძოლის წინ გარემოს, მოწინააღმდეგის, საკუთარი ამოცანის შესახებ.

ბევრი განვითარებული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები თავიანთ ქვედანაყოფებს აგზავნიან ცხელ წერტილებში სხვადასხვა მისიებში მონაწილეობის მისაღებად, რათა მათ შეძლონ საბრძოლო გამოცდილების მიღება, რის გარეშეც წარმოუდგენელია ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესება. ამ დროს, საქართველოში 1990 წლიდან დაწყებული მოხდა სამოქალაქო ომი, შეიარაღებული დაპირისპირებები სხვადასხვა ტიპის ფორმირებების მონაწილეობით, კონფლიქტები სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სამხედრო ოპერაციები პანკისის ხეობაში, კოდორის ხეობაში და ა.შ. რომ აღარაფერი ვთაქვათ კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობაზე, ერაყსა და ავღანეთში კონტიგენტების გაგზავნაზე... ამავე დროს, დღემდე ვერ მომზადდა საბრძოლო გამოცდილების კვლევების რამდენადმე ღირებული ნაშრომი, რომელიც უშუალოდ ქართველ სამხედროთა საბრძოლო პრაქტიკის განზოგადებით შექმნიდა სახელმძღვანელოს, რაც ძალზედ გამოადგებოდათ ახალგაზრდა მებრძოლებსა და მეთაურებს. ეს საყვედური უპირველეს ყოვლისა გვეკუთვნის ამ ბრძოლებისა და კამპანიების ვეტერანებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული სამხედრო აკადემიის ახალი ხელმძღვანელობა შეძლებს მსგავსი სამუშაოს ორგანიზებას და ყველაფერს მოიმოქმედებს სისხლსა და ოფლზე დაფუძნებული ამგვარი ცოდნის ქართველ სამხედროებამდე მისატანად.

ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი

3/12/2012

ბერძნული ფალანგა

ფალანგა რომელიც არის ძველი ბერძნული სამხედრო წყობა. ამ წყობის მთავარი იარაღი იყო გრძელი შუბი და ბერძნული ფარი ჰოპლონი. ამ ფარის დაუძლევლობის გამო ფალანგაში მდგარ მეომრებს ჰოპლიტებს ეძახდნენ. იყო ორი სახის ფალანგა-ერთი ბერძნული და მეორე მაკედონიური. მაკედონიურ ფალანგაში ძალიან გრზელ შუბებს იყენებდნენ, მისი სიგრძე 7-8 მეტრს შეადგენდა. პირველ რამდენიმე რიგს შუბები წინ ჰქონდათ გაშვერილი ხოლო დანარჩენებს უკანა რიგებში. ფალანგა თანდათან ჰქონდათ მოხრილი და ასეთი სისტემა მეომრებს ისრებისგანაც იცავდა. მეორე ფალანგა იყო ბერძნული. ამ წყობაში მეომრებს შედარებით მოკლე შუბები ეჭირათ დაძირითადი აქცენტი ჰოპლონების ძლიერ კედელზე იყო გადატანილი. ჰოპლონი არის ფარი რომელიც ძველ სამყაროში ყველაზე მტკიცე, დიდი და ამავდროულად მოქნილი იყო. ბერძნების ინოვაცია ის იყო რომ ფარს ორი სახელური ჰქონდა ერთი ტყავის ხელის გასაყრელი შუაში და მეორე მტევნის ჩასაჭიდი ფარის კიდესთან. ეს ტექნიკა აადვილებდა ფარის მოძრაობას და ამავდროულად მისი ხელში დაჭერა და მოქნევაც გაცილებით ადვილი იყო ვიდრე სხვა ფარების, რომელთაც მხოლოდ ერთი ხელმოსაჭიდი ჰქონდათ შუაში. ალბათ ყველას გაგიგიათ თერმოპილეს ხეობაში მომხდარი ბრძოლის შესახებ სადაც 300-მა სპარტელმა 100 000 სპარსელი შეაჩერა, ბრძოლა მაშინ დამთავრდა როცა სპარსელებმა ფალანგას ზურგიდან მოუარეს და ჰოპლონების კედელი დაირღვა, სპარსელების რაოდენობა მძიმე დასაძლევი იყო ამიტომ სპარტელებმა იბრძოლეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ასევე შემიძლია მოვიყვანო მაგალითად მარათონის ბრძოლა სადაც ფალანგამ ბერძნები ისევ გადაარჩინა და გავგამელას ბრძოლა სადაც ალექსანდემ შუბების კედელი აღმართა.